გიწვევთ სასწავლებლად თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახლადაკრედიტებულ სამაგისტრო პროგრამაზე. პროგრამის მიზანია, ისეთი მაღალკვალიფიციური მაგისტრების მომზადება, რომლებსაც შეეძლებათ დემოგრაფიული პრობლემები განიხილონ ეროვნული უსაფრთხოების სხვა გლობალურ პრობლემებთან უშუალო კავშირში და შეძლონ მათ დასაძლევად კონკრეტული პრაქტიკული საქმიანობის წარმართვა.
სტუდენტები მიიღებენ საჭირო ცოდნას, როგორც ეროვნული უსაფრთხოების ზოგადი კონცეფციების, თეორიების, პრინციპებისა და პრაქტიკის, ასევე დემოგრაფიის ძირითადი დებულებებისა და კანონების შესახებ.
პროგრამის სასწავლო კურსებს გაუძღვებიან აღნიშნულ სფეროებში ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები. გათვალისწინებულია აქტიური აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობა საზღვარგარეთის შესაბამისი დარგების სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან.
სტუდენტები გაივლიან პრაქტიკასა და სტაჟირებას სახელმწიფო და არასამთავრობო დაწესებულებებში, რომლის განსახორციელებლად, პროგრამას აქვს სათანადო მემორანდუმებით გაფორმებული მხარდაჭერა, საქართველოს პარლამენტისა და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან. ისინი ვალდებულებას იღებენ პროგრამის სტუდენტები აქტიურად ჩააბან მათ მიერ ჩატარებულ აღნიშნული მიმართულებების ინიციატივებსა და კვლევებში, სხვა სამეცნიერო თუ პრაქტიკულ საქმიანობაში და ხელი შეუწყონ სწავლის დასრულების შემდეგ მათი ცოდნისა და უნარის გამოყენებას.
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმდნენ როგორც სახელმწიფო დაწესებულებებში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კვლევით ცენტრებში. ასეთ სახელმწიფო დაწესებულებებად მოიაზრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების სამინისტროები, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ეროვნული უსაფრთხოების განმახორციელებელი ინსტიტუციები და სხვა.
ჩარიცხვის წინაპირობებია: ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება; თსუ-ში გამოცდის ჩაბარება დემოგრაფიაში; გასაუბრება სპეციალობასა და ინგლისურ ენაში B1.2 დონეზე. პროგრამაზე ჩაბარება შეუძლიათ ნებისმიერი სპეციალობის ბაკალავრებს.
სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტებს მიენიჭებათ სოციალური მეცნიერებების მაგისტრის კვალიფიკაცია.
პროგრამის ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ვაჟა ლორთქიფანიძე.